24 მარტს 2018 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფილმის ჩვენება გაიმართა. “The Hunt”-ასე ჰქვია ჰოლანდიურ დრამას, რომელიც ბრბოს ფსიქოლოგიასა და სიტყვის ძალაზე გვიამბობს. ერთმა, ბავშვის თითქოს უწყინარმა ტყუილმა, ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, დააშორა მეგობრებს და გარიყა საზოგადოებისგან. ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. შინაარსსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალზე ჩვენების ორგანიზატორმა, ზურა ცირამუამ ისაუბრა: „მინდოდა, ჩემს უნივერსიტეტშიც მეჩვენებინა ასეთი ჟანრის ფილმები,რადგან მაინტერესებდა საზოგადოების აზრი“. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ფილმის ჟანრზე და აღნიშნა, რომ ამ დრამაში ბევრი საინტერესო დეტალია. თუნდაც უბრალოდ სიტყვა, რომელსაც მთლიანად შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა. დისკუსიაში მაყურებელიც ჩაერთო და მათ თავიანთი შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს. მაყურებლის თქმით, ეს არის სიტუაცია, რომელიც შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც მოხდეს. „ფილმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ნათლად წარმოჩინდა, რომ მშობლებმა შვილებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ,რადგან მათი როლი ჩვენს განვითარებაში ძალიან დიდია“,-აღნიშნა პირველკურსელმა, ნათია შავაძემ.
გალერეა
იხილეთ სურათები